ფრედერიკა მოგერინიმ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში და იოჰანეს ჰანმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების ევროკომისარმა წარმოადგინეს განახლებული სამეზობლო პოლიტიკის კომუნიკე, რომელიც მორგებულია დღესდღეობით გამოვლენილ გამოწვევებზე ევროკავშირსა და მის სამეზობლოში და ასევე ასახავს ევროკავშირის და მის მეზობლობს შორის განვითარებულ ურთიერთობებს.
ახალი დოკუმენტი არის შედეგი გაღრმავებული თანამშრომლობისა პარტნიორ სახელმწიფოებთან, რომელსაც განახლებული მიდგომა ესაჭიროება. ეს ახალი ურთიერთობები ეფუძნება უნივერსალურ ღირებულებებს, რადგან ყველა მეზობელ სახელმწიფოს არ სურს ევროკავშირის სტანდარტების უცვლელად გადმოღება. სწორედ ამიტომ ახალი სამეზობლო პოლიტიკა (ENP) ახლა უფრო ეფექტიანი იქნება, რადგან პარტნიორებს უფრო დიდი როლი დაეკისრებათ ევროკავშირთან მათი თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრაში. ევროკავშირი ასევე აღიქვამს ახლად განვითარებულ მოვლენებს, როგორიც მიგრანტების კრიზისს, ტერორიზმის მოსალოდნელი საფრთხის ზრდა, ისლამური სახელმწიფოს (ISIS) და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან, სამხრეთით და აგრესიულ რუსეთს აღმოსავლეთით, რომელიც არღვევს მისი მეზობლების ტერიტორულ მთლიანობას. ეს საფრთხეები ასევე ემუქრება ევროკავშირის ქვეყნებს და ამიტომ მათი მოგვარებაც ვერ მოხდება მეზობლებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე.
განახლებული პოლიტიკის პრინციპული პრიორიტეტებია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება სამეზობლოში და ასევე დიფერენცირებული მიდგომები სხვადასხვა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ.
ევროკავშირში და მის სამეზობლოში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა დაეყრდნოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, რათა შენარჩუნდეს მდგრადი სტაბილურობა. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა კრიზისებზე დროულ რეაქციის აუცილებლობას და ასევე აქცენტი გაამახვილა გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებას. სწორედ ამ კუთხით იმუშავებს ევროკავშირი მეზობლებთან ერთად, რათა ყველა საშუალება იქნეს გამოყენებული, რომ ხელშესახებ შედეგს მიაღწიონ. ევროკავშირი გამოხატავს მზაობას ითანამშრომლოს მეზობლებთან უშიშროების განხრით, განსაკუთრებულად კი კონტრ-ტერორიზმის, ანტი-რადიკალიზმის და კონფლიქტების მოგვარების მიზნით.
დიფერენცირებული მიდგომა ნიშნავს იმას, რომ ყველა მეზობელ სახელმწიფოს ექნება მის ამბიციებზე და მის მიღწევებზე ორიენტირებული თანამშრომლობა და გაცდება „ერთი ზომა ერგება ყველას“ დამოკიდებულებას. ევროკავშირთან პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავება იქნება უშუალოდ დამოკიდებული ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და კონკრეტულ პარტნიორ სახელმწიფოზე. თუ პარტნიორს სურს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და ერთგულია ევროკავშირის ღირებულებების მაშინ გადაიდგმება კონკრეტულ ნაბიჯები. საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში ევროკავშირმა გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მოხდება ამ პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური დაახლოება ევროკავშირთან. ევროკავშირი ასევე გამოთქვამს სურვილს ამ ქვეყნებთან გააღრმავოს თანამშრომლობა ენერგეტიკულ საკითხებში, რათა გაიზარდოს ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაზრდის საშულებები.
ზოგადად, ევროკავშირი დამატებით გამოყოფს თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ენერგეტიკა და კლიმატური საკითხები, რომლებიც საჭიროებს მჭიდრო კოორდინაციას ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან.
ინდივიდუალური და დიფერენცირებული მიდგომების ჩამოყალიბების მიუხედავად, კვლავ გაგრძელდება მუშაობა რეგიონალურ ფორმატებში, როგორიც არის აღმოსავლეთ პარტნიორობა და ხმელთაშუა ზღვის კავშირის ფარგლებში სამხრეთით. ევროკავშირი ასევე გამოიჩენს ძალისხმევას ხელი შეუწყოს გაეროს ‘2030-ის მდგრადი განვითარების’ დღის წესრიგს. ამ განვითარების გეგმის მიზნები ასევე ასახულია ევროკავშირის შედარებით ფართო საკითხების მომცველ ‘საგარეო და უსაფრთხოების გლობალურ სტრატეგიაში’.
ახალი სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გაუქმდება ქვეყნების ყოველწლიური ანგარიშები, მხოლოდ მის მაგივრად შემუშავდება ინდივიდუალურ ურთიერთობებზე და კალენდარზე მორგებულ ანგარიშები.
ასევე განახლდება ფინანსური რესურსების განაწილებაც და ეს პროცესი უფრო მოქნილი იქნება, რათა სწრაფი რეაგირება მოყვეს სამეზობლოში გაჩენილ გამოწვევებს.